თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იწყებს მაჟორიტარულ ოლქებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მეორე ტური 16 საარჩევნო ოლქში გაიმართება, 8 მათგანი თბილისშია.
„ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა. ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ აიღო - 48,12%.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს.
პროტესტის ნიშნად ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „მოქალაქის“, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ ცნობენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და თავიანთ მანდატებზე უარს აცხადებენ. ისინი შედეგების გაუქმებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
საბოტაჟი გამოსავალი არაა – კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობას „ქართული ოცნება" ჩამოაყალიბებს >>
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.