თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თურქეთში პოლიციამ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებსაც იმ საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან აქვთ კავშირი, რომლებიც იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, იუწყება ტელეარხი NTV.
აღნიშნულია, რომ დაკავებულებს შორის სამშენებლო კომპანიის ქვეკონტრაქტორები და სამშენებლო პროექტების ტექნიკური ექსპერტიზის სპეციალისტები არიან.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა, თითქმის ათასი ადამიანი დაშავდა.
პარასკევს, 30 ოქტომბერს თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა. ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც. მიწისძვრის შედეგად ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.
პრეზიდენტი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს >>
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ტრაგედიის ფონზე ანკარას და ათენის სოლიდარობა „ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე სხვა რამ ამ ცხოვრებაში“.