თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 100%–ის დათვლის (პროპორციული სიები) შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის ხმების 48,15% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,14%. მეათე მოწვეის პარლამენტში სულ 9 პოლიტიკური სუბიექტი – 7 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.
ცხრა საარჩევნო სუბიექტს შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (48.15%) - 61 მანდატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ (27.14%) - 34 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
„ევროპული საქართველო“ (3.78%) - 4 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
„ლელო“ (3.15%) - 4 მანდატი
„პატრიოტთა ალიანსი“ (3.14%) - 4 მანდატი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) - 4 მანდატი
„გირჩი“ (2.89%) - 3 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1.33%) - 1 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
„ლეიბორისტული პარტია“ (1%) - 1 მანდატი
ოპოზიციამ პარლამენტის წინ კარავი გაშალა>>>
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მეორე ტური არჩევნების შემდეგ მესამე შაბათს – 21 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ის კანდიდატები მიიღებენ, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში – თბილისის ყველა და რეგიონების რვა ოლქში ჩატარდება.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოეპოვებინათ.