თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, განუცხადეს ტელეკომპანია „იმედს“ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა, სახლში მკურნალობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
„თავს კარგად გრძნობს. კორონავირუსზე ტესტი პირველივე სიმპტომის შენიშნვისას გაიკეთა. იზოლაციაში არიან მინისტრის ოჯახის წევრები, რომლებსაც კორონავირუსი არ აქვთ. რაც შეეხება სამინისტროს, ყველა მკაცრად იცავს წესებს“, - განაცხადეს უწყებაში.
მინისტრის ინფიცირების წყარო უცნობია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.