საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, მცირდება – სექტემბერში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 0,7%–ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
შედარებისთვის: ვარდნის მაჩვენებელი აგვისტოში იყო 5,3%, ივლისში – 5,5, ივნისში – 7,7%, მაისში – 13,5%, ხოლო აპრილში – 16,6%.
ამავე დროს შემცირების ტენდენცია სექტემბერში ეკონომიკის ბევრ სფეროში დაფიქსირდა. ზრდა აღნიშნულ პერიოდში იყო სამთო–სამრეწველო, გადამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობასა და ფინანსურ საქმიანობაში.
ეკონომიკის ვარდნამ ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%–ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ 4,5%–ზე მაღალია იყო.
ეკონომიკის აღდგენის პროცესი ფაქტია
საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მშპ–ის შემცირება 0,7%–ით სექტემბერში პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის სერიოზულ პოტენციალზე, რაც უკვე ფაქტია.
„სისტემური „ლოკდაუნი“ ქვეყნის მასშტაბით არ იქნება, იქნება წერტილოვანი, დროებითი კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ჩვენ კონკრეტულ წესებს, პირბადეებს, დისტანციას და ა.შ. ასე რომ, ესეც მეორე ტალღაზე ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში მინიმუმამდე დავიდა, პირველი ტალღის დროს ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში და ფართოდ რეგიონში იყოს ლიდერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.
რამდენით დაეცემა ეკონომიკა წლის ბოლომდე?
EBRD–ის პროგნოზით, მშპ საქართველოში 2020 წელს 5%–ით დაეცემა, ხოლო 2021 წელს ეკონომიკა 3,5%–ით გაიზრდება.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 2020 წელს 4,8%–ით პროგნოზირებს, ხოლო 2021 წელს მშპ–ის ზრდა ქვეყანაში 4,5%–ის დონეზეა მოსალოდნელი.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო სააგენტო S&P Global Ratings–ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%–ით შემცირდება. ამასთან, რეალური მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წლისთვის დაუბრუნდება, მიიჩნევენ სააგენტოში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5%–ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ფონდი ხუთპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სსფ–ის პროგნოზი საქართველოს მთავრობის მოსაზრებას ემთხვევა – 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალ წელს 5–პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ ხუთ წელიწადში, საშუალოდ 5,5%–ით გაიზრდება წელიწადში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია როგორც რეფგიონში, ისე ევროპაში.
რა გახდება ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს
ეკონომიკის ზრდის ძირითადი ფაქტორი 2021 წელს ადგილობრივი მოთხოვნა იქნება, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს>>
„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ძირითადად, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება.