თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, განაცხადა პარტია „ევროპული საქარველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს.
ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეგზიტპოლების შედეგი ასეთია:
Ipsos, ტელეკომპანია „მთავარი“ - 41%; Edison Research, „ფორმულა ტვ“ -46%;
Survation, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - 52,26%; Public Opinion Strategies, ტელეკომპანია „იმედი“ - 55%.
წინასწარი მონაცემებით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შედის.
„ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის: მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.
ივანიშვილი: „ქართული ოცნება" მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში>>>
არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.