თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, პიკი კი ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში გვექნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თითოეულმა ადამიანმა მკაცრად უნდა დაიცვას რეკომენდაციები, რაც პირბადის ხმარებას, სოციალური დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვას გულისხმობს.
მისი თქმით, პირბადის ხმარების კულტურა იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო.
„პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გვაქვს სამ დიდ ქალაქში, სადაც 95-პროცენტიანი ტარება თუ შესრულდება, ჩვენ აუცილებლად შევამცირებთ ინფექციის გავრცელებას. საჭიროა თვითშეგნება, რადგან „შოლტის“ პრინციპი არაფერს იზამს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია.
მედპერსონალის რეზერვისთვის: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს გადაამზადებენ>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.