თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბანკები მზად არიან განახორციელონ ვალების რესტრუქტურიზაცია ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის, ყველა საკითხი შეისწავლება ინდივიდუალურად და შედგება გადახდების მოქნილი განრიგი, განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისი თქმით, სესხებზე საყოველთაო გადავადება, როგორ ეს ადრე მოხდა, ამჟამად არ იგეგმება.
„რეალურად, აღარ იქნება ერთიანი საყოველთაო გადავადება, რაც იყო წინა პერიოდში შეთავაზებული. მაგრამ მონიტორინგი კეთდება ინდივიდუალურად, უკვე მიდის კლიენტებთან მუშაობა და ხდება რესტრუქტურიზაციები. პრემიერ-მინისტრმა დაავალა ბიზნესომბუდსმენის აპარატს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რა პრობლემებიც შეიძლება არსებობდეს რესტრუქტურიზაციების დროს“, - განაცხადა ძნელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, წლის ბოლომდე გაფართოვდეს გარკვეული არსებული სახელმწიფო პროექტები, სუბსიდირების თუ საკრედიტო გარანტიების ფარგლებში, რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მარტივად მოხდეს რესტრუქტურიზაცია.
„აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც კლიენტები აფიქსირებენ, არის ის დარიცხული პროცენტები, რაც უკვე დაუგროვდათ წინა გადავადებების დროს და დღეის მდგომარეობითაც, მისი კაპიტალიზაცია ხდება“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მოწყვლადი სექტორი, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა, არის ტურიზმი და ტურიზმის მომიჯნავე დარგები.
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომლის მიზანია მათთვის კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტო 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას ახორციელებდა – ეროვნულ ვალუტაში 80%-ის ოდენობით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 70%-ის ოდენობით. ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ აპირებს ამ პროგრამის გაგრძელებას.
მისი ინფორმაციით, სუბსიდირების პროექტში მხოლოდ სასტუმროების ნაწილი მონაწილეობს, ამიტომ დღეს მიმდინარეობს მსჯელობა პროექტის შესაძლო გაფართოებაზე.