როგორ გამოისყიდეს ნახევარმილიონის ფასად ზუგდიდელი მძევლები - ვრცელდება ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კადრებში ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, აწვდის თანხას და მძევლების ხელშეუხებლობას ითხოვს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისთვის გამოსასყიდის გადაცემის მომენტია დაფიქსირებული, დღეს აქტიურად ვრცელდება Facebook-ის ქართულ სეგმენტში.

საუბარია გასულ ოთხშაბათს, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებზე. 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თავად დამნაშავე კი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ფულთან ერთად მიიმალა.

სპეცრაზმი ზუგდიდში - Sputnik საქართველო
Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

ვიდეოზე, რომელიც, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონითაა გადაღებული, ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, თანხას გადასცემს.

თავდამსხმელი კადრებზე მხოლოდ ზურგიდან ჩანს. გალდავა ხსნის ჩანთას, საიდანაც იღებს ფულის შეკვრებს და იატაკზე აწყობს. ამის შემდეგ ისმის დიალოგი, რა დროსაც გალდავა მოუწოდებს თავდამსხმელს არ დახოცოს მძევლები, რაზეც ის პასუხობს, რომ არ გააკეთებს ამას, თუ პოლიციის მხრიდან პროვოკაცია არ მოხდება.

მძარცველი: ვთქვათ გავუშვი ესენი და წავედი მე მარტო, სისულელეა!

გალდავა: მარტო არ გეუბნები-მეთქი. წამიყვანე მე და სადამდეც გინდა იქამდე მიდი, ძმაო.

მძარცველი: სისულელეა!

გალდავა: რა გინდა? რას მთავაზობ?

მძარცველი: არაფერს, შემოიტანე ფული და დადე აქ.

შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს გალდავა ჩანთიდან ფულის რამდენიმე შეკვრას და იატაკზე ალაგებს.

გალდავა: პროსტა გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას.

მძარცველი: მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თქვენ თუ არ გააკეთებთ.

გალდავა: მე არ გავაკეთებ-მეთქი არაფერს, ძმაო.

სწორედ გალდავა მოგვიანებით ჩაბარდა მძევლად, მანვე გააშვებინა დამნაშავეს მძევლების უმრავლესობა. ბოლო მომენტამდე ბოროტმოქმედს მძევლად ჰყავდა გალდავა და კიდევ სამი პირი, რომლებიც ფარად გამოიყენა. გამთენიისას, როდესაც დარწმუნდა, რომ დევნა არ ხორციელდებოდა, მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაათავისუფლა და მიიმალა. პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ადრე სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ მოუწოდეს მედიას, არ გაევრცელებინათ კადრები და ინფორმაცია, რაც გამოძიების მსვლელობას ხელს შეუშლიდა.

ყველა ახალი ამბავი
0