თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო განიხილავს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.
ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ გალდავას თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. არსებული ინფორმაციით, სამი მათგანი დამნაშავემ ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხთან, ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
„სპექტაკლი და მეტი არაფერი!“
სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის არცთუ ცოტა სკეპტიკოსი მოიძებნა – ბევრმა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მხოლოდ ვინ და რა მიზნით გაითამაშა იგი – ამაზე უნდა ვიმკითხაოთ.
„არც ერთი წამით არ მჯერა. ნახევარი მილიონის მოტეხვა უნდოდათ და მოტეხეს კიდეც. ვერასდროს ვერ იპოვიან, საუკუნის ძარცვა კი ყველას დაავიწყდება“, – ფიქრობს თამარა ტომა.
„სპექტაკლი დადგეს... კომედია და მეტი არაფერი...“ – წერს Eleonora Zechadse.
„ეჰ, მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ კარგი სპექტაკლია, ვიღაცამ ძალიან კარგი ფული შეჭამა“, – დარწმუნებულია Dimitri Polenin.
ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი თემის განხილვას იუმორით მიუდგა და თავდამსხმელი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მთავარ გმირებს შეადარა.
„ესაა რემბოც, შვარცნეგერიც, ბრიუს უილისიც ერთ ფლაკონში!“ – წერს ნანა სირაძე.
„ზორო გამოჩნდა, იქნებ ღარიბების დახმარება გადაწყვიტა!“ – ხუმრობს დაჯი ჩუტკერაშვილი.
ცხარე დისკუსიების მოყვარულმა ზოგიერთმა მომხმარებელმა კი მომხდარი ქართული პოლიტიკური ასპარეზის ორ მთავარ მეტოქეს – ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.
„უეჭველი მიშა იყო, ფული გაუთავდა და ბანკში მივიდა“, – წერს Roini Gvilava.
„წყეული ბიძინა, რომ გაიძულა ეს ყველაფერი მოგეფიქრებინა“, – წერს Maka Maka.
ყველაფერი სერიოზულადაა
რა თქმა უნდა, ზოგიერთი თემას სერიოზულად მიუდგა და გვერდი აუარა სამართალდამცველი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემის კრიტიკას.
„საჭიროა უმკაცრესად დასჯა! ასეთი საქმეები – სახუმარო არ არის! ასეთი უპასუხისმგებლობით უამრავი ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდა“, – წერს თეიმურაზ ქუთათელაძე.
„ყოჩაღ, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს! როგორი უბედურება აიცილა თავიდან ქვეყანამ, თანაც ასეთ რთულ პერიოდში შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, – წერს Marika Chikovani.
„ვერ გავიგე, სად გაქრა ამ ფულით და ჩაკეტილ საზღვრებში? ეს რა იყო? საწყალი ხალხი, როგორი საათები გადაიტანეს იქ...“ – წერს Anna Lomidze.
საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ისეთებიც მოიძებნენ, ვინც თავდამსხმელის ქცევა გაამართლა. მომხდარის შედეგად ხომ არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა კი თავისას მიაღწია.
„რაც მან მოიპარა... ჩემი აზრით, არ მოუპარავს... რაც ეკუთვნოდა, ის აიღო... პლუს-მინუს რამდენიმე ასეული, არა აქვს მნიშვნელობა... თუ მართლა სამხედროა, დაფიქრდით, იქნებ ისეთები გადაიტანა, რომ ეს ფულიც ცოტაა. იქნებ მეტიც ეკუთვნოდა, ასე რომ, ნუ განსჯით და არ განისჯებით“, – ასეთი უჩვეულო აზრი გამოთქვა ნონა გაბრელიანმა.
Lacasa de Zugdidi
ამერიკული პლატფორმის Netflix-ის მოყვარულებმა ზუგდიდში მომხდარი ამბავი ცნობილ ესპანურ სერიალს „ქაღალდის სახლს“ (Lacasa de papel) შეადარეს.
სერიალი ესპანეთის სამეფო ხაზინის ძარცვის შესახებ მოგვითხრობს. ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ ქალაქების სახელებით – ტოკიო, მოსკოვი, ბერლინი, დენვერი, ოსლო, ჰელსინკი, რიო და ნაირობი – ინკოგნიტო პირის ხელმძღვანელობით, ზედმეტსახელად „პროფესორი“, მძევლებად აჰყავს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხაზინაში რამდენიმე დღის განმავლობაშია დაბანაკებული. ბოლოს ისინი ათავისუფლებენ ყველა მძევალს, თან მიაქვთ რამდენიმე მილიარდი ევრო და გაურკვეველი მიმართულებით ქრებიან.
სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობენ, რომ საქართველოში ახალი სეზონი უფრო ადრე ნახეს, ვიდრე მთელ მსოფლიოში.
„ფეისბუქის“ მომხმარებლებმა 21 ოქტომბრის მოვლენებს ხუმრობით Lacasa de Zugdidi უწოდეს. ზოგიერთმა „ფან-არტიც“ კი გააკეთა – სერიალის მთავარ გმირებს გაუნაწილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქების სახელები – ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ.
მომხმარებლებს არც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქციელი გამორჩენიათ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლებთან ადგილის გაცვლა შესთავაზა. „ქაღალდის სახლის“ მოყვარულებმა ის სერიალის გმირ არტურიტოს შეადარეს – ესაა უარყოფითი პერსონაჟი, სამეფო ხაზინის დირექტორი, რომელიც ცდილობს მძარცველებს ხელი შეუშალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამით ის კიდევ უფრო ართულებს მძევლების მდგომარეობას.
კიდევ ერთი პარალელი სერიალთან – დიდი ბრიტანეთის ელჩის ქალიშვილი – მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მძევალია. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი იმყოფებოდა.