თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი ერთხელ უკვე გადატანილი ჰქონდა. როგორც მომღერალმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, ფიქრობს, რომ ვირუსი პირველად იანვარში გადაიტანა, როდესაც საქართველოში ოფიციალურად კორონავირუსი ჯერ დადასტურებული არ იყო.
მას შემდეგ მომღერალმა ივნისში ორჯერ გაიკეთა ანალიზი ვირუსზე და G ანტისხეულები დაუფიქსირდა, რაც ადასტურებს, რომ კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა.
ამჟამად მომღერალი კოვიდ-ინფიცირებულია და ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
„ახლა ჩემთან ერთად არის ადამიანი, რომელსაც არც სიცხე არ აქვს და არც ხველა და არანაირი გამოხატული სიმპტომები, თუ არ ჩავთვლით პნევმონიას. მადლობა ღმერთს, რომ მე არ მაქვს ფილტვების ნათება, თუმცა მაქვს დაზიანება მსუბუქი ფორმით“, – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.
მომღერალს კორონავირუსი ხუთი დღის წინ დაუფიქსირდა. ის უსიმპტომო პაციენტი იყო და თავიდან თვითიზოლაციაში იყო, თუმცა შემდეგ კლინიკაში განაგრძო მკურნალობა.