თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისში მეტროს სადგურებთან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო, რომელთა მიზანია ფორსმაჟორად გამოცხადდეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სასესხო შეღავათები დააწესოს.
23 ოქტომბრის 14:00 საათის მონაცემებით, უკვე შეგროვდა 750 ხელმოწერა.
„ამ პეტიციას პირველი ჩემი ხელმოწერა აქვს, რომელიც ეხება პანდემიის ფორსმაჟორულ ვითარებად გამოცხადების საკითხს და იმას, რომ ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტი გაიქვითოს“, – განაცხადა ნინო ბურძჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
პარტიის ლიდერის თქმით, ყველა ხელშეკრულებაში წერია, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელშეკრულებების პირობები იცვლება.
„მოქალაქეებს მივმართავ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ამ სესხების შეჩერება, გადავადება, პროცენტებისა და ჯარიმების მოხსნა, შემოუერთდით ამ პეტიციას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის წარდგენასაც პარტია საქართველოს მთავრობისთვის გეგმავს, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მუდამ წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ.