თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემა შეიმუშავა.
საქმე ეხება ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს 31 ოქტომბრის არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. როგორც გუშინ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ მიზნით 127 სპეციალური საარჩევნო უბანია შექმნილი.
„სამართლებრივად ეს არის პრაქტიკულად შეუსრულებადი დოკუმენტი, გამორიცხულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამის სრულყოფილი მენეჯმენტი მოახერხოს. მაგრამ, მეორე მხრივ, რასაც ნამდვილად მოახერხებენ ცესკო და ხელისუფლება, ეს არის ამ დოკუმენტის მეშვეობით არჩევნების გაყალბება. აქ დაწერილი რეგულაციებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება აპირებს დამატებით მინიმუმ 30-დან 50 ათასამდე ხმა „ჩაიდოს ჯიბეში“ და, შესაძლებელია, თუ ეფექტურად განახორციელებენ ამ აფერას, მეტი ხმაც დაიმატოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ცესკო სპეციალურ უბნებს ქმნის, რომელთა გაკონტროლებასაც ვერავინ შეძლებს.
„მოსახლეობას 26 ოქტომბრამდე აძლევენ უფლებას, დარეკონ და შეატყობინონ რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მოითხოვონ გადასატანი ყუთი და ისე მისცენ ხმა. ვინ გააკონტროლებს ამას, როცა ათასობით ადამიანი დარეკავს ცესკოში და მოითხოვს გადასატანი ყუთის მიტანას?!“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის მოწვევის წინადადებით გამოდის, რათა დეტალურად მოხდეს მსჯელობა, თუ რა კეთდება კენჭისყრის დღის სწორად დაგეგმვისთვის.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობას, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ან თვითიზოლაციაში. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ.
ცესკომ უკვე გამოაცხადა კონკურსი ზემოაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე. სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.
მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და 20:00 საათამდე გასტანს.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.