თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში აქტიური 14 628 შემთხვევიდან 9 162 პაციენტი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის მთავრობის მთავარი რეკომენდაციები შემდეგია:
- დარჩით სახლში. არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
- არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;
- დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრთან უშუალო კონტაქტის გარეშე. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, რეკომენდაციაა – ოჯახის ყველა წევრმა გამოიყენოს ნიღაბი, არ გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ა.შ.;
- მიიღეთ ბევრი სითხე;
- გაანიავეთ ოთახი ხშირად, ფანჯრის გაღებით. საგულდაგულოდ გაწმინდეთ და გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები. მაგალითად, მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;
- არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარტი ექიმის დანიშნულების გარეშე;
- ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;
- ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს. სასურველია ოპერატორი გააფრთხილოთ, რომ COVID-19 გაქვთ დადასტურებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.