პოეტ და მხატვარ ნანა ქიბროწაშვილისთვის ეს სიყვარული ხან გობელენში ჩაიღვარა და ხან სტრიქონებში... რაც მთავარია, ის აფასებს იმას, რაც აქვს და ბედნიერია იქ, სადაც არის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ცოტა მძიმე და თავგადასავლებით სავსეა, ლექსების წერა კი 40 წლის ასაკში დაიწყო. მის ერთ ლექსს ინტერნეტში მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ნიჭიერმა ახმეტელმა ქალმა თავის ქალაქში დიდი ხანია შეძლო ყურადღების მიქცევა. 21 წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის არაერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. დღეს ამ ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის გამარჯვებული მენტორიცაა. ჩვენთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების პერიპეტიებსა და სიხარულზე თითქმის აღსარებასავით გულახდილად საუბრობს...
- ქალბატონო ნანა, როგორი იყო ახმეტაში გატარებული ბავშვობა, რა გიხაროდათ, რაზე წუხდით?
- დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რვა თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა – მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედის აუტანელი ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასფალტზე ხატვაში ავიღე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულით და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და ვერ შეძლებდა მოსვლას. მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასოდეს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა...
- სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, მაგრამ მანამდე უკვე იცოდით გობელენების ქსოვა, ვინ გასწავლათ?
- გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია და აქ ცხოვრობდნენ ლეკები და ქისტები, რომლებიც მუშაობდნენ თექაზე, ხალიჩასა და ფარდაგებზე. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და თან სწავლობდა. როცა სახლში ვერ ასწრებდა ქსოვას, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა. როდესაც ომი დაიწყო, საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ბავშვისთვის და ახალგაზრდა ქალისთვის ძნელი იყო გადარჩენა. მახსოვს, ერთ დღეს დედა მატყლის თბილ წინდებს ქსოვდა, არ გამკვირვებია, ვიფიქრე, ძველი ნაქსოვები დაშალა–მეთქი. თურმე ის მატყლი ლოგინიდან საბანს გამოაცალა და იმით დაქსოვილი წინდები საკვებზე გადაცვალა. ამის მერე საჭმელი გვქონდა, მაგრამ ლოგინი აღარ… ახლა ამას იუმორით ვიხსენებ, მაგრამ ის წლები არასოდეს მინდა გამეორდეს...
- ბუნებრივია, პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებოდათ, ასეა?
- მართალია, ხატვაში წარმატებული ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ცუდი დრო იყო და ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, ვთვლიდი, რომ მხატვრობაში უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურაში. როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი ფაქტიურად დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როდესაც თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და ბედნიერებას მანიჭებს. მინდა ჩამოვთვალო ეს ადამიანები: ქალბატონები მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ. დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ. სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში მონაწილეობას ვიღებდი და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.
- ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, „გაიციმბირეთ“ თავი…
- დიახ, ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე. ციმბირში ცხოვრობდა მამა, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა. მამის მეორე ქორწინებიდან ორი ძმა მყავს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ მამა და მისი ოჯახი გამეცნო. ამიტომ ოთხი წელი ციმბირში გავატარე. თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.
- როგორც ჩანს, ციმბირულმა სიცივემ თქვენში შემოქმედებითი მუხტი ვერ „გაყინა“...
- რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2001 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. სანამ ლექსების წერას დავიწყებდი, დავაარსე საბავშვო თეატრალური წრე „ცისარტყელა”, რადგან ახლა დაცულია საავტორო უფლებები და შესაძლოა, სცენარზე, ან სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა, გადავწყვიტე, რომ თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და, როგორც რეჟისორს, სპექტაკლიც თავად დამედგა. აი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ წერის ნიჭი მქონდა.
- პირველი ლექსი მართლა 40 წლის ასაკში დაწერეთ?
- დიახ, ლექსების წერა 40 წლის ასაკში დავიწყე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი რომელიმე ლექსი პოპულარული გახდებოდა და ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ცხოვრება ავაწყე, კარგ სამსახურში მუშაობა დავიწყე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. ახალი წლის წინა დღე იყო, სამსახურში საახალწლო კონცერტს ვამზადებდი და სახლში ცოტა გვიან მომიწია მისვლა. როდესაც მივედი, დედა გარდაცვლილი დამხვდა. 61 წლის ასაკში უჯანმრთელესი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმხელა შოკი მივიღე, რომ არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი, დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო, წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებდი და ვხვდებოდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ მიშველიდა. მოკლედ, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი...
- ასეთ დროს მხსნელად თეატრი, ანუ ისევ ხელოვნება მოგევლინათ...
- დიახ, უფლის ნებით, დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. თქვენ რომ მკითხეთ, პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა. როდესაც ჩემმა მეგობრებმა მოისმინეს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი, რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც ადგილობრივი გაზეთი „ბახტრიონიდან“ დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ჩემი ლექსები მიმეტანა. მათ ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი „ქართველო, შეჩერდი“ გამოაქვეყნეს და მახსოვს ხალხის რეაქცია, უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებული კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, თანხა გამომიგზავნა და მთხოვა კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო, მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი. ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან ხალხის სიყვარულია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაკლდა – სითბო და სიყვარული...
- ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მართლა ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა მომიტანა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა „ახალმა თაობამ”, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი ვარ. უკვე მესამე სეზონია, რაც ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და გამარჯვებას მომავალშიც ვაპირებ.
- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მაინტერესებს არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ იქ გეცხოვრათ?
- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, ყველა მოგზაურობა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. დღემდე ვინახულე უამრავი ქვეყანა: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუვა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი… როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში... მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია. ამ ქალაქის უდიდესმა სიყვარულმა დამაწერინა ლექსი „ჩემო ახმეტა“. ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია ღირსეულად იცხოვროს. მე ბევჯერ მქონდა შანსი სხვა ქვეყანაში მეცხოვრა ფინანსურად უზრუნველყოფილს, ან თუნდაც თბილისში გამეგრძელებინა წარმატებული მოღვაწეობა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ქალაქს რამეში გამოვდგომოდი და მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახმეტისთვის გამომეყენებინა.
- „ახმეტელი ქალი ვიყო ახ, ნეტავი, მეო“ – ეს სიტყვები ხალხურია, რითია სანატრელი ახმეტელი ქალობა?
- ახმეტელი ქალობა ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ახმეტის ხალხი მაღალი ზნეობით, თვითშეგნებით, ზრდილობით, ურთიერთპატივისცემით, სტუმართმოყვარეობით და ყველა იმ ღირსებით გამოირჩევა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ახმეტელი ქალი რომ ვარ, ამიტომ შევძელი ბევრჯერ წაქცეული წამოვმდგარიყავი და ამაყად გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ სიტყვების ავტორი, ალბათ, იმ სულიერ და ფიზიკურ ძალას გულისხმობდა, რისი გადატანაც მხოლოდ აქაურ მანდილოსნებს შეგვიძლია…