გამყრელიძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, შესაძლოა, ერთ წელზე მეტხანს მოგვიწიოს

გამოწერა
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მატება მოსალოდნელია, რადგან ზრდის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, შესაძლოა, სულ მცირე, ერთი წელი ან უფრო მეტი პერიოდი მოუწიოს.

„უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია. ჩვენ კიდევ კარგა ხანს, სულ მცირე, წელიწადი, წელიწად-ნახევარი მოგვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი ატრიბუტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები – სოციალური დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავყრილობებისგან თავის არიდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0