თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.
დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.
ბორცვაძემ უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.
„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.
შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.