თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის მოსახლეობას ხვალიდან თანამედროვე სტანდარტებით აღჟურვილი ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
საქართველოში ბათუმი პირველი ქალაქია, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ახალი ელექტროავტობუსების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები საქართველომ ბელარუსული სამრეწველო საწარმო Belkommunmash-სგან შეისყიდა. პირველ ეტაპზე მუნიციპალური ავტოპარკი რვა ელექტროავტობუსით შეივსო.
ახალი ელექტროავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე, ამასთან, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის გათბობით, კონდიცირებით, ხმოვანი სისტემითა და ვიდეოკამერებით. ელექტროავტობუსები 70-მდე მგზავრზეა გათვლილი.
ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) შეღავათიანი სესხის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო ტენდერის საშუალებით. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა ბათუმის ავტოპარკის განახლების პროექტისთვის 1,5 მლნ ევრო გამოყო, დაახლოებით 2,3 მლნ კი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) შეღავათიანი სესხის სახით იქნა მიღებული.
ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ავტობუსებზე სრულად გადასვლა იგეგმება თბილისშიც. ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი 2023 წელს დასრულდება.
საქართველოში ასევე იგეგმება ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა. ქარხანას ქართული კომპანია Fregobus ჩინურ კომპანია ZTE Corporation-სა და გერმანულ კომპანია EURABUS-სთან ერთად გახსნის. კომპანია Fregobus საქართველოში წარმოებული ავტობუსების გაყიდვას ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს.