თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 ოქტომბერს ქუთაისში ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან „მერსედესის “ მარკის ავტომანქანის მძღოლს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა, ის იმავე დღეს .ქუთაისში დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება რაც ითვალისწინებს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.