თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ცივი ფეხები შესაძლოა სისხლძარღვთა და ასევე ნევროლოგიურ დაავადებებზე მიუთითებდეს, აცხადებს ნევროლოგი ირინა ლიასკინა.
ექიმის თქმით, თუ ფეხების სიცივე არ უკავშირდება ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ცივ წყალში ბანაობა ან ყინვაში ყოფნა, აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება.
„ეს სიმპტომი შეიძლება იყოს ისეთი ნოზოლოგიების გამოვლინება, როგორიცაა რეინოს დაავადება თუ სხვადასხვა წარმოშობის პოლინეიროპათია: შაქრიანი დიაბეტისას, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, მძიმე მეტალებით ქრონიკული ინტოქსიკაციისას — ღვიძლისა და თირკმელების თანმხლები დაავადებებით“, — განმარტა ლიასკინამ.
რეინოს დაავადება მცირე სისხლძარღვების პაროქსიზმული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება სისხლძარღვების სპაზმითა და არტერიული სისხლით მომარაგების დარღვევით კიდურებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და ყურებზე. პოლინეიროპათია კი პერიფერიული ნერვების მრავლობითი დაზიანებაა.
საშიშროება ფანჯრებზე ბუდობს: ექსპერტი შავი ჭუჭყის საშიშროებაზე გვაფრთხილებს>>
სპეციალისტის თქმით, ცივი ფეხების პროფილაქტიკისთვის საჭიროა სწორი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შერჩევა.
- „ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო ფეხსაცმელს, უარი თქვით ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ფეხსაცმელზე. ასევე უნდა ავარჯიშოთ სისხლძარღვები: დილაობით კონტრასტული შხაპი და ზღვის მარილიანი თბილი აბაზანა ძილის წინ“, — გვირჩევს ექიმი.
ლიასკინა ასევე მოგვიწოდებს რაციონში ცილოვანი საკვების, ფრინველის ხორცის, პარკოსნების ჩართვას, ბოსტნეულისა და ხილის მოხმარების გაზრდასა და მულტივიტამინური კომპლექსების გამოყენებას წლის ცივ პერიოდში.