ერთ–ერთი საუკეთესო: საჩხერის სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა

© photo: courtesy of Tbilisi State Universityმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ადასტურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან სრულ თანხვედრაშია

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს წარმატება მიულოცა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მეორე საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს. სწორედ თქვენ შეძელით, აჩვენეთ და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეთ თქვენი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჩხერის საჯარო სკოლის წარმატება სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მიდგომების, უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდის აღიარებაა.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

„ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სკოლა მსოფლიოს წარმატებულ სკოლებში მოხვდა „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში“ მისი ჩართულობაა. პროგრამა მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს და საქართველოში 700-ზე მეტ საჯარო სკოლაშია დანერგილი“, -განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, ეს ყოველივე კი იმის დასტურია, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა სწორი მიმართულებით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან.

„მსოფლიო განათლების კვირეული“ ორგანიზებულია მოძრაობა T4-ის მიერ, რომელიც განათლების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს. კვირეულის მიზანია ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა და სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მსოფლიო მასშტაბით. 2020 წლის „მსოფლიოს განათლების კვირეულის“ მთავარი გზავნილია: „ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 საუკეთესო სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში მაღალი ხარისხის განათლების დამკვიდრებას“.

საქართველოში „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მხარდამჭერია კოალიცია „განათლება ყველასთვის - საქართველო (EFA).

ყველა ახალი ამბავი
0