ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძე
მანანა თავბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანანა თავბერიძე ომალოში დაბადებული ხელოვანია, ამიტომ, ბუნებრივია, მის ნამუშევრებში ყველაფერი თუშეთის სიყვარულით საზრდოობს...

მარტო ერთი მიმართულებით არ მუშაობს, ხატავს, ქსოვს ფარდაგებს, წერს ლექსებს, მუშაობს თექასა და ქვაზე, სამხატვრო აკადემიის შემდეგ დამოუკიდებლად შეისწავლა მინანქარი. მის ფერწერულ ტილოებში, გობელენებსა თუ ნივთებში ბრინჯაოს ხანიდან დაწყებულ, დღევანდლამდე მოტანილ ქვეყნის ისტორიას ნახავთ და იგრძნობთ. 

მართალია, პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მაგრამ მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს არაერთხელ და წარმატებით გამოიფინა. გარდა იმისა, რომ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა, ქვემო ალვანში არსებულ სკოლა-სახელოსნოში მოზარდებს ხატვას ასწავლის.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeსაშობაო გამოფენაზე დეიდასთან ერთად
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
საშობაო გამოფენაზე დეიდასთან ერთად

- ქალბატონო მანანა, თუშეთში, ალვანში როგორი ბავშვობა, ბალღობა გქონდათ?

- მე დავიბადე თუშეთში, ომალოში არსებულ საავადმყოფოში, ახლა ის საავადმყოფო აღარ არის. ორი კლასი იქ ვსწავლობდი და ეს ორი წელი ულამაზესი იყო ჩემს ცხოვრებაში და უფრო დამამახსოვრდა, ვიდრე სკოლის შემდეგი წლები. იმ დროიდან ბევრი რამ მახსოვს. იქ იყო ერთი აღმართი, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ ავდიოდი. ერთი პატარა მონაკვეთია ჩაღრმავებული და ისეთი ლამაზია იქაურობა, რომ ახლაც აღელვების გარეშე ვერ ჩავუვლი ხოლმე... იქაურობის ყველა ქვას და ლოდს ვიცნობ. ესაა ომალო – ჩემი სამშობლო, რომლის კონტურები, ყოველი ციხე-კოშკი ჩემთვის მშობლიურია და რომლის სიყვარულიც არ დასრულდება. როცა მათ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი დიდი სიხარული და ამავე დროს ტკივილიცაა...

© photo: courtesy of Manana Tavberidze„წინაპარი - წინლამპარი“ - ზეთი, ტილო
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
„წინაპარი - წინლამპარი“ - ზეთი, ტილო

- ასეთ სილამაზეში შეუძლებელია ხატვა არ დაგეწყოთ...

- ჩემი სკოლის ეზოში ფიჭვები და ნაძვები იყო, ხატვის გაკვეთილები სწორედ იქ გვიტარდებოდა. იმ სილამაზეში ვეზიარეთ ხელოვნების სიყვარულს. მაშინ პატარები იყო, დღეს ის ფიჭვები გაიზარდა და უზარმაზარი გახდა. სკოლაში ხშირად ვმართავდით კონცერტებს, სადაც სტუმრად მოსული ლეკებიც გამოდიოდნენ. ისინი კავკასიურ ცეკვებს გვიჩვენებდნენ. მახსოვს, გაოგნებული ვიყავი, რადგან ასეთი საოცარი ილეთები მანამდე არსად მენახა. ჩვენ ლექსებს ვუკითხავდით და ვუმღერდით.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის ნამუშევარი
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის ნამუშევარი

- თავად როგორ იღებდით კონცერტში მონაწილეობას?

- მე მსახიობური ნიჭი არ მქონდა, მაგრამ პიონერხელმძღვანელებმა „იავნანამ რა ჰქმნა“ რომ დადგეს, ქეთოს როლზე რატომღაც მე დამამტკიცეს. მახსოვს, დარბაზში დედაც იყო და როდესაც სცენაში, სადაც ქეთო ლეკებმა გაიტაცეს, ისე განწირულად ვიყვირე – „დედა, დედა“, რომ დედაჩემს მართლა შეშინებია. ეს იყო ბავშვობის ზღაპარი და ულამაზესი წლები ჩემს ცხოვრებაში.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის მოქსოვილი ხურჯინები
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის მოქსოვილი ხურჯინები

 - თუშეთი, თუშური ყოფა და მისი ტრადიციები - თქვენი ნამუშევრების მთავარი თემაა, რა არის ეს, წარსულში დაბრუნების გზა?

- ესეცაა და პირველ რიგში ეს იმ წარსულის პატივისცემაა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. წინაპრებია ჩემი მშობლებიც, რომლებმაც ჯერ ეს კუთხე შემაყვარეს და შემდეგ ეს საქმე შემასწავლეს. წინაპრების, მათი ცოდნის გარეშე წინ ვერ წავალთ. ეს ყველაფერი, არქაიზმი და ტრადიციები ზოგადად საქართველოს ისტორიიდანაა, რომელიც ჩემთვის თუშეთდან იწყება. მე მაქვს ერთი ფერწერული ტილო, რომელსაც „წინაპარი“ ჰქვია და თუშეთში დავხატე. იმ ნახატს წინა მხარეს ჩემი ლექსის ერთი სტროფი მივაწერე:

„წინაპარი წინ ლამპარი,

უკუნ გზების მკვალავი,

ბევრი უკუღმართობის

მადლით გადამფარავი“.

სხვათა შორის, ჩემი ლექსები დაბეჭდილია პატარა თუშურ კრებულში „თუშნო წყალობა ჯვარისა", რომლის ავტორი სიმონ არშაულიძე გახლავთ.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის ნამუშევარი
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის ნამუშევარი

- რამ იქონია გავლენა თქვენს შემოქმედებაზე, მისი ამგვარი სახე რამ განსაზღვრა?

- საქმე ისაა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენს ეზოში, მიწის დამუშავების დროს ერთი მეტრის სიღრმეზე იმდენი არტეფაქტი ამოიყარა, როცა ისინი იხილეს, სპეციალისტები გაოცდნენ. ის საოცარი ორნამენტები და სურათები მე ჩემს ნამუშევრებში გადავიტანე. აქ აღმოაჩინეს უძველესი, ბრინჯაოს ხანის სამაროვანები (სამარხები), სადაც იყო ძველი ყოფის ნივთები და ულამაზესი სამკაულები. პატარა ყუთისებრი სამარხები, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აქ ადამიანებს წვავდნენ და იმ ყუთებში ფერფლს მარხავდნენ. იქ აღმოჩენილი ძველი ნივთები დღეს გამოფენილია ომალოს ეთნოგრაფიულ მუზემში, რომლის ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ იდოიძეა.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის ნამუშევარი
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის ნამუშევარი

- კონკრეტულად რომელმა ნივთმა მიიქცია თქვენი ყურადღება?

- განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქალის 50 სანტიმეტრი ზომის ქვის ქანდაკება, სადაც ქალს თმები აქვს აწეული. ეს ნამუშევარი ძალიან მხატვრულადაა შესრულებული. იქ აღმოჩენილ ზოგ ნივთს თევზი ახატია, რაც იმ ეპოქის სიმბოლოა. აქედან დაასკვნეს, რომ ეს ყველაფერი 3 ათას წელს ითვლის, ანუ გვიანი ბრინჯაოს პერიოდს განეკუთვნება. მოკლედ, თუშეთის საოცარ წარსულს და ამ კუთხის სიყვარულს და სილამაზეს მთელი სიცოცხლე ვერ ამოვწურავ. სულ მინდა, რომ მასზე ვხატო და ვწერო. კიდევ მინდა, რომ ისინი სამზეოზე ხშირად გამოვიტანო ხოლმე.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის ნამუშევარი
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის ნამუშევარი

- რამდენად ახერხებთ ამას?

- პერსონალური გამოფენა არ მქონია. პირველი გამოფენა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, იყო საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები, რომელიც ჩატარდა რუსთაველზე, ყოფილ ცისფერ გალერეაში. ეს გამოფენები უფასო იყო და მხატვრებს დიდ სტიმულს გვაძლევდა. ამას გარდა წლების მანძილზე, 1998-2014 წლებში თუშეთში, ომალოში „მწყემსის დღის“ ფესტივალთან დაკავშირებით ზაფხულობით ჩემი ფერწერული ნამუშევრების და თექების გამოფენა-გაყიდვას ვაწყობდი. ასევე იყო ქვემო ალვანში „ზეზვაობის“ ფესტივალებზეც.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის ნამუშევარი
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის ნამუშევარი

- ქვემო ალვანში მეუღლესთან ერთად თქვენ გახსენით სკოლა-სახელოსნო, თუ გყავთ გამოკვეთილად ნიჭიერი მოწაფეები?

- მინდა ვახსენო ჩემი ყოფილი მოწაფე ნათია ითურიძე, რომელიც გადასარევად მუშაობს ფერწერაში და ახლა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. პატარებიდან – ლუკა ხუცაიძე, რომელიც ძალიან კარგად და თანაც ერთი ამოსუნთქვით ხატავს.

© photo: courtesy of Manana Tavberidzeმანანა თავბერიძის ნამუშევარი
ბრინჯაოს ხანის არქაიზმი თუში ხელოვანის გობელენებზე და მისი დაუსრულებელი სიყვარული - Sputnik საქართველო
მანანა თავბერიძის ნამუშევარი

- რა არის ყველაზე ფასეული ადამიანში და ხელოვანისთვის რა არის მთავარი?

- ადამიანში, პირველ რიგში, ფასეულია თავად ადამიანი და მისი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, მისი მხარში დგომის უნარი. ადრე მხატვრები მხოლოდ ეკლესიისთვის მოღვაწეობდნენ, ახლა ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად ხატავს. ესეც საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ყველაფერი უფლის სადიდებლად უნდა ვაკეთოთ, რადგან ეს ნიჭიც უფლისგან მოგვეცა. როგორმე უნდა მოვახერხოთ და ოქროს შუალედი გამოვნახოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0