თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ზაფხულში სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანი იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„Sputnik–საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ილიას დედამ ქსენია ფილფანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ძებნა ჯერ ისევ გრძელდება.
მისი განმარტებით, ერთ-ერთმა არხმა გადაუმოწმებელი, ერთი თვის წინანდელი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ერთმა მამაკაცმა ოჯახს შეატყობინა, რომ ბიჭი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში ნახა.
ქსენიამ ადრეც არაერთხელ აცნობა „Sputnik–საქართველოს“, რომ ოჯახის წევრებს გამუდმებით აწვდიან ინფორმაციას მსგავსი ბიჭის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ნახვის შესახებ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ იგი ილია იყო.
„ჩვენ ზარებით აგვავსეს, გვეკითხებიან, მართლა გამოჩნდა თუ არა ილია, მათ შორის დაგვირეკა იმ გამომძიებელმაც, რომელიც ამ საქმეს იძიებს და გვკითხა, „ნუთუ მოიძებნა თქვენი ბავშვი?!“ ჩვენ იმდენი ძალა მოვახმარეთ ილიას მოსაძებნად მიმართულ საინფორმაციო კამპანიას, რომ ამ დეზინფორმაციამ, რომელმაც ძალიან ბევრი ხალხი შეცდომაში შეიყვანა, ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა“, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.
ილია ფილფანს უკვე თითქმის სამი თვეა უშედეგოდ ეძებენ. მოზარდი, რომელიც სვანეთის სოფელ ლენჯერში მამის ნათესავებთან იმყოფებოდა სტუმრად, 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და არ დაბრუნებულა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.
მუშავდება ყველა შესაძლო ვერსია, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რაიონებს: ლენჯერს, მესტიას, მესტია-ჯვარის გზას, სადაც ბიჭი უკანასკნელად ნახეს.
ბავშვის მამას დავით ფილფანს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, რამაც ოჯახს გამოძიების ყველა მასალასთან წვდომის შესაძლებლობა მისცა. მშობლების განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა დიდი სამუშაო ჩაატარა და ამაში ისინი მათი შვილის საქმის დოკუმენტების შთამბეჭდავი დასტის გაცნობის შემდეგ დარწმუნდნენ.
სასოწარკვეთილი მშობლები ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ნაბიჯზე წავიდნენ. მათ ბიჭის ადგილსამყოფელის შესახებ რეალური ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო – 50 ათასი ლარი დააწესეს.
ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.