თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ რა წარმატებითაც გავუმკლავდით ვირუსის პირველ ტალღას, ასევე გავუმკლავდეთ მეორესაც და ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბორჯომში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას.
გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მიზანი ეკონომიკის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაა.
„მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდა, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური პირობებისა, 31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდ, ღირსეულ და ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს.
გამყრელიძე: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ>>
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი 500-ის ფარგლებში მერყეობს.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა.