თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში 133-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“
29 მოსწავლე და 10 მასწავლებელი, რომლებსაც ინფიცირებულ ბავშვთან ჰქონდათ კონტაქტი, თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
„მოლაპარაკების რეჟიმში ვართ განათლების სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. მეექვსე კლასელს დაუდასტურდა და შემხებლობაში მყოფი მასწავლებელები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადადიან, ონლაინ გააგრძელებენ სწავლას. მაგრამ ვფიქრობთ, მთელი სკოლა ხომ არ გადავიყვანოთ ორკვირიან პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ
სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი ხვალ გადაწყდება.
გუშინ თბილისის 82-ე სკოლის ერთი კლასი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ერთ–ერთ მოსწავლეს covid 19 დაუდასტურდა, რაც შეეხება სკოლის დანარჩენი კლასების მეცადინეობებს, ისინი სასწავლო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.
რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე თბილისის 32–ე სკოლის 900 მოსწავლე და 30 პედაგოგი. ამის მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული 11794 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 6327, გარდაიცვალა 85 პაციენტი.