თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 82-ე სკოლის ერთ–ერთი კლასი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ერთ–ერთ მოსწავლეს covid 19 დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოსწავლის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია, რომელიც რაიონიდან ჩამოვიდა.
სკოლამ ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის სტრუქტურებს. როგორც ირკვევა, მოსწავლე ბოლო ორი დღე გაკვეთილებს არ ესწრებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციის თანახმად, პრევენციის მიზნით, ამ კლასის მოსწავლეები ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადიან, ხოლო მეცადინეობა დისტანციურად ჩატარდება.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, მოსწავლეს დაავადება მსუბუქ ფორმებში აქვს და ის თავს კარგად გრძნობს.
რაც შეეხება სკოლის დანარჩენი კლასების მეცადინეობებს, ისინი სასწავლო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სკოლაში დაცულია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეკომენდაცია, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის 32–ე სკოლის 900 მოსწავლე და 30 პედაგოგი თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულის მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია.
სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.