თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ კონსულტაციებში მოსკოვში, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის მოვლენები შეაფასა>>
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებზე მიიწვია.
„მიმდინარეობს აქტიური მზადება“, – აღნიშნა დიპლომატმა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის გაიმართება მოლაპარაკებები.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.