თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში დაწესებული რეგულაციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში, შესაძლოა, მომავალი კვირიდან დადგეს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
სამეგრელო–ზემო სვანეთში ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა>>
ბოლო პერიოდში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა აჭარაზე მოდიოდა. რეგიონი COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდა.
თუმცა, ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია გამოიკვეთა და ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდა.
რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა.
„ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს თანმიმდევრული კლება. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეგიონში პირველ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება აღდგება.
„ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული გეგმას შემდეგ კვირას წარმოვადგენთ. პირველ რიგში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ასევე უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების გახსნას და შეზღუდვების მოხსნის გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, – განაცხადა რიჟვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია. ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 190 დაფიქსირდა, გუშინ ეს მაჩვენებელი 230 იყო, გუშინწინ – 259.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა>>
ქვეყანაში ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.