თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან კიდევ ერთი გეოგრაფიული აღნიშვნა – „ნინოწმინდის თაფლი“ შევიდა, ნათქვამია „საქპატენტის" განცხადებაში.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. თაფლი>>
„ნინოწმინდის თაფლის“ რეგისტრაციის მოწმობას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ 2020 წლის 1 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დამადასტურებელი დოკუმენტი კი გადაეცათ მწარმოებელი კოოპერატივი „კოდის“ წევრებს, რომლებმაც შეიტანეს განაცხადი „ნინოწმინდის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციაზე.
„ნინოწმინდის თაფლის“ სპეციფიკაციებში აღნიშნულია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ბუნებრივი მოვლენები, დაცული ტერიტორიები და მრავალფეროვანი ფლორა ქმნის იმ უნიკალურ გარემოს, სადაც მიიღება უნიკალური „ნინოწმინდის თაფლი“. წყაროებით დასტურდება, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოწეული თაფლი ოდითგანვე განთქმული იყო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში და ტრადიციულად აღიარებული თაფლია რეგიონში“, – განაცხადა მინდია დავითაძემ.
მისი თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნის მინიჭებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, მას ესაზღვრება თურქეთისა და სომხეთის სახელმწიფოები, იქმნება ამ უნიკალური პროდუქტის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.
გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დარეგისტრირებულია გეოგრაფიული აღნიშვნები: „ტენილი“, „მესხური ჩეჩილი“, „ბორჯომი“, „მიტარბი“ და „ახალქალაქის კარტოფილი“.
ფუტკრის თაფლი – მავნე და სასარგებლო თვისებები>>
საქართველო თაფლის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი სახის თაფლი, რომელთაგან აღსანიშნავია აკაციის თაფლი, წაბლის თაფლი, მდელოს თაფლი და სხვ. ქართული თაფლის ძირითადი უპირატესობებია შესანიშნავი ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფლორა, ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში.