მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად თაფლზე ვისაუბრებთ.
თაფლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ადამიანი უძველესი დრიდან იყენებს.
თაფლი შეიძლება იყოს მონო ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება რომელიმე კერძო – აკაციის, ცაცხვის, მზესუმზის ან სხვა მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან მიღებული თაფლი.
ნატურალურ თაფლს ახასიათებს კრისტალიზაცია. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. ორივეს მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები ახასიათებს.
ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.
თაფლის ქიმიური შემადგენლობა რთულია და დამოკიდებულია სათაფლე მცენარეებზე, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, ფუტკრის ჯიშზე და ა. შ. თაფლში დაახლოებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა. თაფლის შემადგენლობის 13-20% უკავია წყალს.
თაფლის 75-80% — ს შეადგენს ნახშირწყლები — გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და სახაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობენ ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
ნახშირწყლების გარდა, თაფლის შემადგენლობაშია ფერმენტები: ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა და სხვ. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძალზედ მცირე რაოდენობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. თაფლის ფერმენტები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას.
მინერალური ნივთიერებები, რომლებიც თაფლში მარილების სახითაა წარმოდგენილი, ძალზედ დიდ ბიოლოგიურ როლს თამაშობენ. თაფლში არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მარილები. აღსანიშნავია, რომ თაფლში გვხვდება ყველა ის ელემენტი, რომელიც შედის ადამიანის სისხლის შემადგენლობაში.
თაფლის შემადგენლობაში აგრეთვე არის ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა), რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე, ნივთიერებათა ათვისებაზე, მადის გაუმჯობესებაზე, კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციაზე.
თაფლის საკვებ ღირებულებას ამაღლებს მასში შემავალი ვიტამინები:
В1 (ანევრინი), В2 (რიბოფლავინი), В6 (პირიდოქსინი), Н (ბიოტინი), К (ფილოხინონი), С (ასკორბინმჟავა) და სხვ.
თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.
თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.
თაფლის მიღებისას ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი მატულობს, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.
თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას. თაფლი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკური დარღვევებისას.
თაფლის თვისება, გაანეიტრალოს მავნე ნივთიერებები, აუმჯობესებს ძილს, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.
თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.
თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.
თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.
კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არ სწევს შაქრის დონეს სისხლში, არამედ პირიქით, აღინიშნება მისი შემცირების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მცირე რაოდენობით, ექიმთან შეთანხმებით.
ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია თაფლის ზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150გრ. თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.
თაფლის ათვისება ადვილდება, თუ იგი გაზავებულია თბილ წყალში, ჩაიში ან რძეში. ავადმყოფობის შემდეგ სასურველია თაფლის მიღება თბილ ასკილის ნაყენთან ან ხილის წვენთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ცხელ წყალში თაფლის გახსნისას ის სამკურნალო თვისებებს კარგავს.
თაფლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპორტსმენების რაციონში. ის აპრობირებულია სპორტსმენთა სპეციალური დიეტების შემადგენლობაში.
თაფლის მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს თაფლზე ალერგია აქვს.
სიფრთხილე საჭიროა თაფლის პირველად მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა თაფლის მცირე რაოდენობის მიღება და დაკვირვება რამოდენიმე დღის განმავლობაში.
არსებობს აგრეთვე ხელოვნური თაფლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას არ გააჩნია სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. თაფლის ფალსიფიკაცია ფართოდ არის გავრცელებული.
ცნობისთვის, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ თაფლი მაღალკალორიულია და გასახდომი დიეტების დროს მისი მიღება არ არის სასურველი, თაფლი წონის დაკლების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. შემოგთავაზებთ თაფლით გახდომის მეთოდს:
ყოველ დილით უზმოზე და ძილის წინ უნდა დალიოთ წინასწარ მომზადებული თაფლისა და დაფქული დარიჩინის ნაზავი. თუ ამას რეგულარულად მიიღებთ, გარდა იმისა, რომ ეს თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, წონაში აუცილებლად დაიკლებთ, ასევე, ამ ნაზავის რეგულარული მიღება ცხიმს დაგროვების საშუალებას არ მისცემს.
ნაზავი ასე მზადდება:
საჭიროა ერთი წილი დარიჩინი და ორი წილი თაფლი (რეკომენდებულია ½ კოვზი დარიჩინი და 1 კოვზი თაფლი, თუმცა შესაძლებელია 1 კოვზი დარიჩინისა და 2 კოვზი თაფლის გამოყენებაც);
• ავადუღოთ ერთი ჭიქა წყალი,
• დავასხათ დარიჩინს, დავახუროთ ჭურჭელს და გავაჭეროთ ნახევარი საათი
• როცა წყალი გაგრილდება, დავამატოთ თაფლი. (გაითვალისწინეთ, რომ თაფლი ცხელ წყალში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეურიოთ),
• ძილის წინ მიიღეთ ამ ნარევის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი, თავდახურული, დილისთვის შეინახეთ და უზმოზე მიირთვით, ოღონდ არ გააცხელოთ!
ამ რეცეპტს არაფერი დაუმატოთ, არც ლიმონი, არც ძმარი და სხვა. რეცეპტს უნიკალური თვისება გააჩნია. როდესაც ორგანიზმი სათანადო წონას დაიბრუნებს, წონაში აღარ დაიკლებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ დარიჩინი თაფლთან ერთად წმენდს საჭმლის მონელებელ სისტემას, ანადგურებს პარაზიტებს, სოკოსა თუ ბაქტერიებს, რომლებიც საჭმლის მონელებას ანელებენ. ტოქსინების გამოდევნის გამო შესაძლებელია სხვა რეაქციები. ამ შემთხვევაში, შეამცირეთ დოზა, ან შეისვენეთ.
დარიჩინისა და თაფლის ნარევი (ოღონდ სხვადასხვა დოზებითა და მიღების განსხვავებული ხერხებით) ასევე გამოიყენება გულის დაავადებების, ართრიტის, სამკურნალოდ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, კანის ინფექციებისას, სმენის დაქვეითებისას, გრიპისა და სხვა დაავადებების დროს, იმუნიტეტის ასამაღლებლად. თაფლი სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალებაა. შემდეგ ჯერზე შემოგთავაზებთ თაფლის გამოყენების ხერხებს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.