თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირველი, შეკავების ეტაპის შემდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმატებულად შეფასდა, საქართველო გადავიდა ადაპტაციისა და თანაცხოვრების ეტაპზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს თავისი ფუნქცია – სახელმწიფომ, მოქალაქემ, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში ბიზნესმა. მთავარია, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოვრება უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული წესებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს წესები საკმაოდ მარტივია შესასრულებლად და გვჭირდება, რათა ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ სკოლები, არ დავხუროთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი და ა.შ.
ბათუმის შემდეგ თბილისი: დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა რიცხვს მიაღწია>>
„ეს არის გლობალური წესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას – აღვადგენთ ეკონომიკას, აღვადგენთ სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესს“, – განახცადა პრემიერმა.
გახარიას თქმით, ასევე ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის გამოჩენიდან დაახლოებით შვიდი-რვა თვე გავიდა და იმდენად გლობალურია ეს გამოწვევა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის სხვა ელემენტარული წესების გარდა ვირუსთან გამკლავების სხვა უფრო ქმედითი ინსტრუმენტი ვერავინ მოიგონა.
გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ამჟამად სამი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის: პირველი – მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე – რომ არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ რისკებს და დისკომფორტს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, და, რა თქმა უნდა, მესამე – სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში", – განაცხადა პრემიერმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 9753 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი. გარდაცვლილია 63 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, კოვიდ–სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი ამ ეტაპზე 1310-ს შეადგენს.