თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ უსასყიდლოდ გადმოგვცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას“, - აღნიშნა კალაძემ.
მერის თქმით, ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს და იგი, პრაქტიკულად დასრულებულია.
სამშაბათს აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, უახლოეს დღეებში კი მედიას ინფორმაციას მიაწვდიან სამშენებლო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღის შესახებ, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ივლისში ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოზე მდებარე აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ბიძინა ივანშვილს ეკუთვნოდა, მისივე ფონდმა „ქართუმ“ 60 მილიონ ლარად იყიდა.