მთაწმინდის საბაგირო ორ წელიწადში ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზა თბილისში
საბაგირო გზა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, ხოლო მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, აღდგება მეცნიერებათა აკადემიისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ერთკილომეტრიანი საბაგირო, რომელმაც ფუნქციონირება 1990 წელს შეწყვიტა.

კუს ტბის საბაგირო - Sputnik საქართველო
თბილისში საბაგიროების რაოდენობა გაორმაგდება

„საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პრობლემას წარმოადგენდა, იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, მშენებელი კომპანიის შესარჩევად გამოცხადდება ტენდერი. პროექტის განხორციელებას კი დაახლოებით წელიწად-ნახევარი ან ორი წელი დასჭირდება.

„საბაგირო იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში კი 1100 მგზავრს მოემსახურება. ძალიან მაგარი იქნება ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. დაახლოებით 50 მლნ ჯდება პროექტის განხორციელება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ზაფხულამდე იმუშავა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, ხოლო მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას.

ყველა ახალი ამბავი
0