„ვიღაცამ საქართველოს ინტერესები გაყიდა“ – არეშიძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაზე

© Sputnik / Alex Shlamovმამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუკებმა, რომლებმაც მზის შუქი წლების შემდეგ იხილა, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებს.

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. რაღაც ეტაპზე ვიღაცამ საქართველოს ინტერესები გაყიდა, მაგრამ ახლა, ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა დოკუმენტური ბაზა, რომელიც აზერბაიჯანთან სადავო საზღვრების საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარება, განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

არეშიძემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის გამოძიებაზე, რომელიც ეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

„ახლა ქართულ დიპლომატიას ძალიან სერიოზული დოკუმენტური ბაზა აქვს, რომელიც ადრე არ ჰქონდა. ამიტომ ყველაფერი უკვე დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე, მოქნილობასა და აზერბაიჯანული მხარის კეთილ ნებაზე“, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

რუკების ისტორია

როგორც არეშიძემ განმარტა, 1938 წელს ხელი მოეწერა დოკუმენტს საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის თაობაზე. ამ დოკუმენტის საფუძველზე შედგა რუკები, რომლებიც განსხვავდებოდა მასშტაბით. 

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
ახალი წინადადება: დავით–გარეჯი, როგორც საერთაშორისო მასშტაბის დაცული ტერიტორია

„იყო რუკა 1:500 000, ანუ ერთ სანტიმეტრში 500 000 სანტიმეტრი შედის. ესაა გამყოფი ხაზის ზოგადი რუკა. გარდა ამისა, იყო მეორე რუკა 1:200 000, ბევრად უფრო კონკრეტული რუკა, რომელიც ამ გამყოფი ხაზის კონფიგურაციას გულისხმობს. როდესაც 1996 წელს შეიქმნა ქართულ–აზერბაიჯანული კომისია, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაეყრდნობიან ამ 1938 წელს შედგენილ რუკებს, რომელიც დამოწმებულია „გუკის“ მიერ (главное  управление НКВД СССР; სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მთავარი სამმართველო)“, – აღნიშნა არეშიძემ.

ექსპერტის თქმით, მეორე რუკის მიხედვით (მისი მასშტაბია 1:200 000), რომელიც უფრო კონკრეტულია, ნათელია, რომ დავით-გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილები ქართულ მხარეზეა. მაგრამ ეს რუკა, რომელსაც შეეძლო კომისიისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შესახებ, ქვეყნიდან გაქრა.

„საქმე ისაა, რომ კომისიის შეცდომა ან გადაცდომა, ან, შეიძლება, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება ჩანს იქიდან, რომ კომისიამ აირჩია ზოგადი რუკა დასაყრდნობად. ე.ი. 1996 წელს, როდესაც კომისიამ დაიწყო მუშაობა, 1:200 000 რუკის ორიგინალი საქართველოში არ იყო. იყო ამ რუკის ასლი, მაგრამ ეს არ არის დოკუმენტი საერთაშორისო მოლაპარაკებებში. თავიდანვე იყო დაშვებული შეცდომა. თავიდანვე იყო გადაცდომა, შეიძლება მერკანტილური მოსაზრების გამო. ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ. ესაა, რაც დავით-გარეჯს ეხება“, – აღნიშნა არეშიძემ.

2006-2007 წლების დოკუმენტი

2006-2007 წლების დოკუმენტი უკვე დავით-გარეჯის თემა აღარაა. ესაა საზღვრის სხვა მონაკვეთების თემა, რომელიც იყო შეთანხმებული.

არეშიძის თქმით, კომისიამ მუშაობა დაიწყო, მივიდა 2006 წლამდე და შეათანხმა საზღვრის 60%, ვერ შეთანხმდა მხოლოდ დავით-გარეჯზე.

„ამ 60%-ის შეთანხმებაშიც დაშვებულია გადაცდომები, ხშირად არა საქართველოს სასარგებლოდ... გარკვეულ ეტაპზე საქართველოს ინტერესები ვიღაცამ გაყიდა. კომისიის წევრმა ან დაბალი რანგის ჩინოვნიკმა. ანუ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგულია... 5-6 წლის წინ ჩვენ კოლეგებთან ერთად მივხვდით, რომ არასწორად იყო გაკეთებული, მაშინვე დავიწყეთ ამაზე საუბარი. ნელ-ნელა პროცესმა მაღალ ეშელონებს მიაღწია. მაგრამ რომ არა მთავრობაში ერთი ჯგუფის დაინტერესება, ჩვენი ხმა დარჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. უწყებებში მყოფი კეთილსინდისიერი ადამიანების, გარეთ მყოფი ექსპერტების და კონკრეტული რამდენიმე მსხვილი ჩინოვნიკის ინიციატივებმა და აქტივობამ განაპირობა ის, რომ დაიწყო ამ რუკების ძებნა“, – აღნიშნა არეშიძემ. 
ჯეიჰუნ ბაირამოვი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

შედეგად – რუკა მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში იპოვეს და დააბრუნეს საქართველოში. რომელ ქვეყანაში და რა ვითარებაში – არეშიძე არ აკონკრეტებს. მაგრამ ირწმუნება, რომ მასზე კარგად ჩანს, რომ ტერიტორიის სამი სადავო ნაწილი ქართულ მხარეს მდებარეობს, სამწუხაროდ, ბერთუბანი – არა.

„არ მინდა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ამ რუკით დამთავრდა ყველაფერი და აზერბაიჯანის მხარე უკან წაიღებს თავის სიტყვებს. ეს ასე არ არის. ახლა ქართულ დიპლომატიას აქვს სერიოზული დოკუმენტური ბაზა, რომელიც ადრე არ ჰქონდა. ბრძოლაა საჭირო“, – აღნიშნა ექსპერტმა.

საქმეს პროკურატურა იძიებს

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 აგვისტოს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. 

აქცია საგარეო უწყების შენობის წინ - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი არამართლზომიერად შეათანხმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

აზერბაიჯანს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

საზღვრის სადავო მონაკვეთები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.

ყველა ახალი ამბავი
0