დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

© photo: Ministry of Foreign Affairs of Georgiaჯეიჰუნ ბაირამოვი და დავით ზალკალიანი
ჯეიჰუნ ბაირამოვი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. მოპოვებულია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ახალი კარტოგრაფიული მასალები, ამიტომ ქართულ–აზერბაიჯანული 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს>>

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია. ზალკალიანთან შეხვედრაზე დიპლომატები საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შეეხნენ. 2007 წელს მხარეებმა საერთო საზღვრის 70%-ის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს. ეს საკითხი, მონასტრის უდიდესი კულტურულ-ისტორიული და სულიერი ფასეულობებიდან გამომდინარე, საკმაოდ მტკივნეულია ქართული საზოგადოებისთვის.

„მიმდინარე წელს რამდენიმე შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ეს შეხვედრები ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობა გაჩერებული იყო... ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები და ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნა. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები და მასალები. ახალმა გარემოებებმა, შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“, – განაცხადა ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
„სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია“ - საპატრიარქო დავით-გარეჯში არსებულ ვითარებას აფასებს

ამასთან, დიპლომატს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა კარტოგრაფიულ მასალებზეა საუბარი.

აზერბაიჯანელი დიპლომატის განცხადებით, ეს საქმე, ჯობს, სპეციალისტებსა და პროფესიონალებს გადაეცეს.

„მათი მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. სპეკულაციები და პოლიტიკური პროცესები ამას ხელს უშლის და საქმე ჭიანურდება... საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არის ისეთი საკითხი, რომელიც არ შეიძლება განხილულ იქნას და ვერ მოგვარდეს. მჯერა, რომ ეს საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვმა შეხვედრა გამართა ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან. მხარეებმა ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურულ–ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით–გარეჯის თემა პრიორიტეტულია

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, რაც გასული წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0