თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასაარჩევნო რბოლა ამჯერად შედარებით მშვიდია, მცირე ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა არჩევნებამდე დარჩენილია ერთ თვეზე ოდნავ მეტი და სიტუაცია თანდათანობით იძაბება.
„ევროპული საქართველოს" მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მართალია ის ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მომხდარს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა „ქცევის კოდექსი“, რომლის მიხედვით, პარტიები აღიარებენ კანონის უზენაესობას, იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პატივს სცემენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატსა და ამომრჩეველთა უფლებებს, არ გამოიყენებენ სიძულვილის, ქსენოფობიის ან მუქარის ენას, ყველაფერს გააკეთებენ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, კოდექსში მითითებულია პარტიებს შორის ღირსეული და პატიოსანი კონკურენციის მნიშვნელობა. კოდექსთან შემოერთებულმა პარტიებმა და ბლოკებმა უარი უნდა თქვან პირად შეურაცხყოფაზე, პროვოკაციებზე, კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ აგიტაციაში ჩარევაზე, ასევე ცრუ ინფორმაციის განზრახ გამოყენებაზე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. ასევე საარჩევნო პროცესში სარგებლის მიღების მიზნით მათ არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ოპოზიციასთან დებატებზე უარს აცხადებს >>
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.