თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა დაიწყება მას შემდეგ, თუ შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ამ ნიშნულამდე არასდროს არ მივა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 28-ე პაციენტი.
მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.
„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე და პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“, - განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ქვეყანა გადაცდეს გლობალურ საშუალოს.
მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.