თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.
„გახსენით სკოლები“, „აღადგინეთ ფრენები“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სამორინეები“, – ამ და სხვა შინაარსის ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამო მათ ფაქტობრივად დაკარგეს სამსახურები და უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ვირუსი.
აქციის მონაწილეთა შორის დიდი ნაწილი რესტორნებისა და სამორინეების თანამშრომლები იყვნენ.
„ვმუშაობდი რესტორანში მუსიკოსად, ათი საათის მერე რომ აიკრძალა მუშაობა, ფაქტობრივად დავრჩი სამსახურის გარეშე. რომც იყოს სამუშაო, როგორ უნდა მივიდე, ტრანსპორტი არაა, ტაქსის ფული რომ მქონდეს, რაღად მინდა სამსახური. რა მნიშვნელობა აქვს, უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე „კოვიდი“, უკვე მეორედ დავრჩი უმუშევარი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი იღებს 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი. ისინი პროცენტის შემცირებასა და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში - 166. აჭარაში დიდი ხანია კლასტერებს აღარ ითვლიან. დღეს საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმიდან იყო.
რეგიონის რვა კლინიკაში 484 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი 350 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია 92 ადგილი.
ბათუმში სამმა კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა: აღმოაჩნდათ თუ არა ვირუსი ჩვილებს >>
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.