დიმიტრი ლეკვეიშვილმა მუსიკალურ სამყაროში სხვადასხვა ეტაპები გაიარა. თავიდან ფოლკლორით დაიწყო, შეისწავლა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, იყო ფოლკ-ანსამბლების წამყვანი მუსიკოსი. 19 წლისას საკუთარი ეთნო-ბენდი ჰყავდა. სცენაზე ცნობილ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა. თუმცა ყველაფერი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა როცა მის ცხოვრებაში გაჩნდა ჯაზი...
მალე მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგება ახალი საავტორო პროექტით, რომელიც პერფორმანსულ-გასართობ პროგრამას მოიცავს.
- დიმიტრი, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. ჩვენში სამწუხაროდ მუსიკის გაკვეთილებს ბავშვები არ წყალობენ და ხშირად ამის მიზეზი მასწავლებელია, თქვენ შემთხვევაში, როგორ იყო საქმე?
- როცა მეორე კლასში ვიყავი სმენით ვაწყობდი ქართულ სიმღერებს და ფორტეპიანოზე შემიყვანეს. დაახლოებით ერთ წელში გამოვედი, თუმცა ის კლასი ფრიადზე დავამთავრე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნოტები და მარტო კლასიკური მუსიკა, ანუ რაღაც ჩარჩოში მოქცევა ვერ ავიტანე. მუსიკის მასწავლებელი ბრწყინვალე სპეციალისტი იყო, მაგრამ მე სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი ინტერპრეტაციით დამეკვრა. ამის მიზეზს ახლა, 25 წლის მერე მივაგენი, რადგან დღეს ჯაზ-შემსრულებელი ვარ, ნებისმიერ ინსტრუმენტზე, რასაც და როგორც მინდა თავისუფლად ვუკრავ.
- თუმცა ნოტების ცოდნა აუცილებელია...
- რა თქმა უნდა, მუსიკოსი თუ ხარ, ნოტების ცოდნა, ყველა ვარიანტში, საჭიროა, ესაა შენი ანბანი, მაგრამ მარტო ნოტებზე დამოკიდებულება ჩემთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს მომენტი უფრო ნათლად გამოიკვეთა წლების მანძილზე, როდესაც ჩემთან პროფესიული გამოცდილება მოვიდა.
- სანამ ჯაზთან „მიხვედით“- რა ეტაპები გაიარეთ?
- სანამ ჯაზთან მივედი ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპები გავიარე. თავიდან ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლა დავიწყე. ვუკრავდი სხვადასხვა ფოლკ-ანსამბლში, მათ შორის იყო „ზარები“, „ივერონი“. სხვების თქმით, ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი ვიყავი. 19 წლის ასაკში საკუთარი ეთნო-ბენდი მყავდა. მაშინ გარკვეული დროის მანძილზე, ჯაზი არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მე ჩემს მუსიკას ვეძებდი...
- ალბათ უფრო საკუთარ თავს მუსიკაში...
- დიახ, ზუსტად ეგრე იყო... იმ პერიოდში სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებს ვუსმენდი. შემდეგ ჩემი გონება, შესაძლებლობები და განვითარება იმ დონეზე მივიდა, რომ მუსიკის ეს ჟანრი კარგად აღვიქვი და ჯაზიც მაშინ შემიყვარდა. გადავწყვიტე-მორჩა, ჯაზურ მუსიკას უნდა ვუსმინო, ის უნდა შევისწავლო და გავერკვიო, რა ხდება მეთქი...
- პირველად როდის გაგიჩნდათ ამგვარი აზრი, თუ გახსოვთ?
- კარგად მახსოვს... ერთხელ ჩემმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა, პიანისტმა ნოდარ გასიტაშვილმა, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოსკარ პიტერსონის მუსიკალური კომპოზიცია გამომიგზავნა. სწორედ ეგ გახდა ჩემთვის გარდამტეხი, რომ ჯაზი საბოლოოდ შემყვარებოდა. ამის მერე საქსოფონისტების მოსმენა დავიწყე.
- ვიცი, რომ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ...
- 15 წელი აქტიურად ვუკრავდი ფანდურზე, სალამურზე, გიტარაზე.. თუმცა მთელი ცხოვრება მინდოდა საქსაფონზე დაკვრა მესწავლა. გავიკითხე მასწავლებელი და სწავლა დავიწყე. მალე ათწლედში ჯაზის ფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე. ამ დროს შევიძინე ბასიც და ისიც შევისწავლე, ერთ წელიწადში კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე მოვხვდი. ამ პერიოდში ბასით სხვადასხვა ანსამბლებში ვუკრავდი. კონსერვატორიის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ჯაზის მასტერ-კლასები გავიარე. მალე, ამერიკაში, ინტერნაციონალურ ჯაზ-ფესტივალზე მიგვიწვიეს.
- ჯაზის სამშობლოში ყოფნამ რაიმე შეცვალა თქვენს მუსიკალურ გემოვნებაში?
- ეს იყო 2017 წელი, ამერიკაში სულ რაღაც ორი კვირა ვიყავით, მაგრამ ეს ორი კვირა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ოც წელს უდრის. ეს იყო ინტერნაციონალური ფესტივალი. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებს ვუსმენდი და მათთან მქონდა ურთიერთობა-ამან როგორც მუსიკოსი, ძალიან გამზარდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჯაზი-ჩემი მუსიკაა. თანაც, ფესტივალის ჯაზის საღამოზე გამოვედი და დავუკარი. იქ საოცარი გარემო იყო და არაჩვეულებრივი მუსიკოსები იყვნენ.
- როგორ ფიქრობთ, ჯაზი ის მუსიკაა, სადაც საბოლოოდ „ჩასახლდით“, თუ ფიქრობთ, რაღაც დროის მერე პრიორიტეტებს შეიცლით?
- ამ ეტაპზე ჯაზ-შესმრულებელი ვარ, მაგრამ ზოგადად არ მომწონს, როცა მუსიკისოები მხოლოდ კლასიკით შემოიფარგლებიან, ან მხოლოდ ფოლკ-მუსიკით. ჯაზმენებშიც არსებობს ასეთი, ცოტა არ იყოს, „სექტანტური“ დამოკიდებულება, მათთვის მუსიკაში მარტო ჯაზია და მეტი არაფერი.
-ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ერთი მხრივ, ვეთანხმები, მაგრამ მეორე მხრივ, არა... ჯაზი -მუსიკის უმაღლესი საფეხურია, მაგრამ ჩემთვის პირადად ცალკე არსებობს ჯაზი და საერთოდ მუსიკა, ერთ მიმართულებაზე არ ვარ ჩაციკლული. როცა პრეტენზია გაქვს მუსიკოსობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკალურ სამყაროს წარმოადგენ. აუცილებელია, რომ მუსიკოსმა თავი არა რომელიმე ერთ ჟანრში, არამედ, ზოგადად მუსიკაში დაიმკვიდროს. ბოლოს, ორ წელზე მეტია, რაც ვიყავი ბენდში „ნონსტოპი”, რომლის სოლისტები მაკა ზამბახიძე და ლელა წურწუმია არიან. ახლა ამ ბენდიდან მოვდივარ, რადგან საავტორო პროექტს ვიწყებ.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რა პროექტზეა საუბარი?
- ესაა საავტორო პროექტი, სახელად „ტარატურა“, რომელიც მოიცავს სახელოვნებო, პერფორმანსულ -გასართობ პროგრამას, ასევე იგეგმება სხვადასხვა მინი-პროექტებიც. სიტყვა „ტარატურა“ ძველქართულია და სწრაფად მოლაპარაკე ადამიანს ნიშნავს. ის სულხან-საბას ლექსკონიდან ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში მას ასეთი ახსნა აქვს: ჩვენ ადამიანებთან პერფორმანსით და მუსიკით ვსაუბრობთ და ამგვარი საუბრები გვინდა, რომ ხშირი იყოს და სწრაფად მივაწოდოთ.
- ვიცი, რომ ხშირად მოგზაურობთ და ზაფხულში, სვანეთში ველოსიპედით ასულხართ, მართალია?
- დიახ, ასეა, ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოვიდა. შარშან, მესტიაში ერთ ეთნო ბენდში ვუკრავდი. მე და აკარდეონისტს მოგვინდა ველოსიპედებით გასეირნება და გადავწყვიტეთ უშგულში ველოსიპედით ასვლა. ჯამში 90კმ გამოვიდა, საღამოს კი სცენაზე გამოვედით და დავუკარით.
- ანუ თავადაც ასეთი ხართ-ტარატურა-ანუ სწრაფად მოაზროვნე და აქტიური ადამიანი ...
- აქტიური ტიპი ვარ, მთელი ბავშვობა კალათბურთზე და სპორტის სხვა სახეობებზე დავდიოდი. დღეს ვცდილობ არ გავჩერდე და პროფესიულ განვითარებაში აქტიურად ვიყო ჩართული. მუსიკოსი დროს არ უნდა ჩამორჩეს და სანამ არის, სცენა და ადამიანებთან მუსიკით საუბრის საშუალება მაქსიმაურად უნდა გამოიყენოს...