თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ხარკოვის ოლქში Ан-26-ის მარკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საავადმყოფოში ერთ-ერთი გადარჩენილი გარდაიცვალა, ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, სულ გარდაიცვალა 26 ადამიანი, ერთი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩება.
„ხარკოვის ოლქში ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნია 25 გარდაცვლილის ცხედარი. ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა და ერთი ადამიანი ტრავმირებულია და საავადმყოფოში რჩება“, - ნათქვამია უწყების Telegram-არხზე.
Ан-26 გუშინ საღამოს ქალაქ ჩუგუევთან ახლოს ჩამოვარდა. ეს იყო სასწავლო ფრენა: მის ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. ერთი კურსანტი ფრენაზე არ დაუშვეს.
Ан-26-ის მარკის თვითმფრინავი 43 წლის იყო, თუმცა 2020 წელს ის რემონტზე გადაიყვანეს.
გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.