საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD-სგან 217 მილიონ ევროს მიიღებს

© photo: Sputnik / STRINGERგაზის საკომპრესორო სადგური
გაზის საკომპრესორო სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (GOGC) ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის 217 მილიონი ევრო გამოუყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს თანხა GOGC-ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას მოხმარდება, რომლებიც კორპორაციამ 2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში წლის შედეგები შეაჯამეს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძის განცხადებით, ეს სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

„მიღებული სესხის პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე პანდემიამდე რეფინანსირების პროცესის განხორციელების შემთხვევაში გვექნებოდა. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინ, როდესაც ევროობლიგაციები 5-წლიანი იქნებოდა. ამდენად, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები“, – აღნიშნა გიორგი ბახტაძემ.

კომპანიის ცნობით, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით 2016 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე მუშაობა წლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო. მომზადებულ იქნა პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილი შესაბამისი საინფორმაციო პროსპექტი.

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი>>

COVID-19-ის გავრცელების და საფინანსო ბაზრებზე მისი უარყოფითი გავლენის გამო, რამაც ტრანზაქციის განხორციელება მისაღები პირობებით შეუძლებელი გახადა, კორპორაციამ, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით, 2016 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე უარი თქვა 2020 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ახალი ევროობლიგაციების განთავსების გზით, და რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართა.

გაზის მილის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
იტალიური კომპანია საქართველოში გაზგამანაწილებელ სადგურს აშენებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმდინარე წლის სექტემბერში 10-წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ევროობლიგაციებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების ხელსაყრელი პირობებით დაფარვის საშუალებას იძლევა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა დაახლოებით 250 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0