თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები დაწესება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 218-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა. დღეს ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების სამი ფაქტი.
მეზვრიშვილის განმარტებით, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.
„მიუხედავად დღეს შექმნილი ვითარებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რისი შიშიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვგეგმავთ. თუმცა, ცალკეულ რეგიონებში მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, რაც კონკრეტულ რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მეზვერიშვილმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ვლინდება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებმა რეგულაციები ჯარიმების დაწესების გარეშეც უნდა დაიცვან, აღნიშნა მეზვრიშვილმა.
„იმ პირობებში, როდესაც პანდემიასთან მიმართებით ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი. ჯარიმების გარეშეც ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.