ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარას უკავშირდება

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.  

ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Sputnik საქართველო
22-ე შემთხვევა: ბათუმში კორონავირუსით 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 48 – თბილისი, 26 – იმერეთი, 6 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 2 – გურია.

ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ამ დროისათვის ინფიცირებულთა 50%-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი კი მძიმე პაციენტია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი გარდაიცვალა – 80 წლამდე ქალი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იგი აჭარის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი იყო. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

ლეტალური შემთხვევის მეორე ფაქტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა – 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული იყო, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. მას თანმდევი დაავადებები ინსულტი და შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0