თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ტუბერკულოზის განყოფილების ექიმსა და მეეზოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.
კლინიკის დირექტორის, ციური აბულაძის განცხადებით, ინფიცირებულებს COVID-19 მორიგი გეგმური ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ.
„კორონავირუსი მეეზოვესა და ერთ ექიმს დაუდასტურდა. მათ გეგმური კვლევა ჩაუტარდათ და ინფექცია ასე გამოიკვეთა. ყველა დანარჩენი თანამშრომლის კვლევის პასუხი უარყოფითია. ინფიცირების წყარო არ ვიცით. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და შენობის დეზინფექცია ჩატარდა. დაწესებულება აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა ციური აბულაძემ.
მისივე თქმით, კლინიკის ყველა თანამშრომელს მიზნობრივი ლაბორატორიული კვლევა უტარდება, ხოლო სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა „ლიდერობს“. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას უკავშირდება.
დღესვე კომპანია „ევექსის“ ბათუმის კლინიკის სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკამ პაციენტების მიღება შეწყვიტა.
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ემატება. სულ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 2937 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1422, გარდაიცვალა 19 პაციენტი.