თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სასწავლო პროცესის 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლების თაობაზე პასუხი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გვექნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მაგრამ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. იგივე შეზღუდვები დაწესდა მაღალმთიან აჭარაში, ასევე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, სადაც ინფიცირების ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე სკოლებში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს, ამიტომაც რიგ ქალაქებში სასწავლო პროცესის დისტანციურად განახლების აუცილებლობა დადგა.
„ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. თუმცა, შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ასე არ მოხდა. უნდა დავიცადოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახლა ინფექციის კონტროლის ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ… თუ რა მოხდება 1 ოქტომბერს, ამასთან დაკავშირებით პასუხი შეიძლება ერთ კვირაში გვქონდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.
„ზოგადად სკოლების გახსნა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა. აქტიურად მიმდინარეობს იმ პედაგოგების ტესტირება, რომლებიც ზაფხულის სეზონზე აჭარაში იმყოფებოდნენ, ისინი ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. დამეთანხმებით, რომ სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა გაბუნიამ.
განათლების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უკვე მიაწოდა იმ პედაგოგების სია, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 2,1 ათასია.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.