თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. ქობულეთისა და ბათუმის მსგავსად, 15 სექტემბრიდან სკოლებში სწავლა ხელვაჩაურშიც დისტანციურად დაიწყება, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ზაფხულის სეზონზე აჭარაში ტურისტული ნაკადის გამო კორონავირუსით ინფიცირების საკმაო რაოდენობა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 87 სწორედ აჭარას უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება საკლასო ოთახებში. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გუშინ მსგავსი შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთშიც.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, მოსწავლეები სწავლას იქ 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ.
„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთსა და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად მოხდება “, – განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, არც ბათუმის და არც მთლიანად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.
„რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვნელოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განხორციელდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.