თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.
ასევე, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები.
„შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“, -აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი, თუმცა მთავრობის თავმჯდომარესაც და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR-ტესტირება ჩაუტარდათ. მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 87 სწორედ აჭარას უკავშირდება.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.