თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორი სიმამრთან ერთად იმ დროს დაკავეს, როცა უაქციზო სიგარეტს მანქანაში აწყობდნენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
უბნის ინსპექტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან კოორდინაციით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყებაში სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.
ნიკა ლატარია