თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადებით, ბევრი ადამიანი დაიღუპება, იუწყება „პირველი არხი“.
ეზუგბაია: კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25–ის ინფიცირების წყარო აჭარაა>>
იმნაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ და ქვეყანაში იქნება ათასობით კოვიდ-ინფიცირებული, შესაბამისად, გარდაცვლილთა რიცხვიც მოიმატებს.
„გვინდა კიდევ შეზღუდვების გარეშე ვიყოთ? – მხოლოდ პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ. თუ გვინდა, რომ ჩვენ გვერდით ბევრი ინფიცირებული გვყავდეს? კლინიკებში ადგილები არის, თუ საჭირო გახდა, საწოლფონდი 5 ათასამდე გაიზრდება, უბრალოდ არ გვინდა ეს მოხდეს. არ გვინდა ბევრი ინფიცირებული იყოს, რადგან რაც მეტი დაავადდება, მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება, რომელიც ისე არ დაიღუპებოდა“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მომატებული რაოდენობა მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში მობილობა გაიზარდა.
„ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონავირუსი. ელემენტარული რეკომენდაციები რომ შესრულებულიყო, ასე არ იქნებოდა. ქორწილში ყველა ვყოფილვართ, იქ დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ ამხელა ქორწილი არ უნდა ჩატარდეს. ამის შედეგებს ახლა ვიმკით“, – განაცხადა იმნაძემ.
თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დიდი ქორწილი გადაიხადეს, რასაც, ქვეყნის პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ხუთი კლასტერის ჩამოყალიბება მოჰყვა, მათ შორის – ცაგერის, ზუგდიდის, ქუთაისის. ახლა ინფიცირებულთა მატებაა მოსალოდნელი.
იმნაძის თქმით, ამ შემთხვევებს ჯერჯერობით ქვეყნის ძალები ჰყოფნის. ამასთან, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია, რაც შემაშფოთებელია.
„სულ უფრო მეტი ადამიანია, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა გვიჭირს. როდესაც ასეთი ადამიანები ბევრნი იქნებიან, ეს ეპიდემიის კონტროლს გაართულებს“, – განაცხადა იმნაძემ.
COVID-19 საქართველოში: ახალი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 57-ით გაიზარდა და 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.