თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა; 8 სექტემბერს კი 45 შემთხვევა გამოვლინდა.
პრემიერის თქმით, ამის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.
„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება... მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
როგორც გახარიამ განაცხადა, ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 PCR–ტესტს აკეთებდა, დღევანდელი მდგომარეობით კი ჯანდაცვის სისტემას საშუალოდ 6–7 ათასი ტესტის გაკეთება შეუძლია. ხოლო სულ მალე შესაძლებელი გახდება 10 ათასი ტესტის გაკეთება.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანდაზმულებს, რადგან ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები სპეციალური ხსნარებით მოირეცხება>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.